მორისის სინდრომი პირველად აღწერა მეცნიერმა მორისმა 1953 წელს. მორისის სინდრომი წარმოადგენს გენეტიკურ დაავადებას, რომელიც დაკავშირებულია X სასქესო ქრომოსომაში ერთ–ერთი გენის მუტაციასთან. ამიტომ დაავადება სქესთან არის შეჭიდული და დედისგან ვაჟებზე მემკვიდრეობს. აღნიშნული გენი პასუხისმგებელია მამრობითი სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის ცილა-რეცეპტორის სინთეზზე. როდესაც ჩანასახი ვითარდება XY სასქესო ქრომოსომების მქონე ზიგოტიდან, თეორიულად ქვეყანას უნდა მოევლინოს ვაჟი. მაგრამ მუტანტური გენის არსებობის შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. ჩანასახის ორგანიზმი ტესტოსტერონს გამოიმუშავებს, მაგრამ უჯრედების მიერ ის ვერ აღიქმება სათანადო რეცეპტორების არარსებობის გამო. შესაბამისად მამრობითი ჰორმონი ორგანიზმში არ მუშაობს. სამაგიეროდ რეცეპტორები რეაგირებენ მდედრობით სასქესო ჰორმონებზე, რაც აიძულებს ემბრიონს განვითარდეს ქალად. შედეგად იბადება ფსევდოჰერმაფროდიტი (ანუ ცრუ ჰერმაფროდიტი), რომელსაც გააჩნია მამაკაცისათვის დამახასიათებელი ქრომოსომული კომპლექტი, მაგრამ ფენოტიპურად ემსგავსება გოგონას. შესაბამისად დაბადებისას ახალშობილს არეგისტრირებენ როგორც გოგონას. ასეთი ორგანიზმი არც ბავშვობაში ავლენს რაიმე საყურადღებოს. მორისის სინდრომით დაავადებულის ორგანიზმში ჩანასახოვან პერიოდში ყოფნისას ვითარდება სათესლეები, რომელიც ბოლომდე ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას. საბოლოოდ ისინი არ ეშვება სათესლე პარკებში განუვითარებლობის გამო და მუცლის ღრუში რჩება. მუცლის ღრუში დარჩენილ სათესლეებს ავთვისებიანი გადაგვარებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ, ამიტომ საჭიროა დროული ამოკვეთა. საშვილოსნო და საკვერცხეები ასეთ ორგანიზმში არ ვითარდება. ინტელექტი კი ნორმალური ან ნორმალურზე მაღალიც კი შეიძლება იყოს. მორისის სინდრომით დაავადებული გოგონები ფლობენ მამაკაცურ ძალასა და ამტანობას. ცნობილია, რომ ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი გოგონა, რომელიც რეკორდებს ამყარებს, გენეტიკურად სულაც არ არის ქალი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სპორტმენებში ასეთი “გოგონების” რაოდენობა 1%–ია. მორისის სინდრომიანი მხოლოდ ფენოტიპურად არის ქალი, გენოტიპურად ის მამაკაცს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ცნობილი ფრანგი სახალხო გმირი, რომელიც დღესაც მთელი ერის სიამაყეა – ჟანა დ’არკი, მორისის სინდრომით იყო დაავადებული. ის თავისი სიმამაცით და შეუპოვრობით, სხარტი გონებითა და ამტანობით ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. ისტორიიდან ცნობილია ისიც, რომ მიუხედავად მამაკაცური თვისებებისა, ის მაინც ქალურად მომხიბვლელი იყო.
ტესტოსტერონის ბრალია